Pages

დახუჭული თვალებით

ჰექსე
დახუჭული თვალებით
პოეზია
2011.12.14
------------------------------------------------
 

1.
აღწევს დახუჭულ თვალებშიც – მახსოვს,
რა უნდა გეთქვა – ჩასუნთქვა. ასე.
რომ წყალი სისხლზე უფრო მძიმეა,
როცა ტალღებზე გიწვენს და ტანზე
მლაშე კრისტალებს გატოვებს თეთრად:
ამოუცნობი იეროგლიფი –
ალბათ სახელი,
რომელიც ბევრჯერ,
რომელიც ისევ და მაინც ვეღარ –

რა სათქმელია.
ბოლომდე აღწევს.


2.
ვადგენ
აქედან გაქცევის გეგმას –
კენჭებით ვზომავ მზერის სიშორეს.
სადღაც – ბოლოჯერ ჩამავალ მზესთან
მთავრდება: ეს გზაც გამოვიზოგე
დაბრუნებისთვის
ცეცხლის ხაზს იქით –

ვახელ. ვერ გხედავ.
ისევ ვხუჭავ.
უშენოდ მჯერა.


3.
ვერ გხედავ.
სადაც არ უნდა იყო,
ვლოცულობ შენთვის:
ამ ქვებში, ტერფებს რომ მიწვავენ, ვაგროვებ მზეს,
ძარღვებში ვიგროვებ წყალს, რომელიც სისხლზე მძიმეა,
სუნთქვაში ვიგროვებ ჰაერს –
და თუ რამე მოხდება,
შენმა მფარველმა ანგელოზმა იცის,
სად მიპოვნოს.


4.
მზეო, შინ დარჩი, რა გინდა გარეთ, მზეო.
ამ ერთხელ დარჩი შინ, მზეო, მე გარეთ ვარ და
უკვე ავივსე. ვეყოფი. ისვრიან. ამ ერთხელ, მზეო.
მე გარეთ ვარ და ვერ ვხედავ მას და მინდა, შენთან იყოს, მზეო.
შინ მინდა იყოს. თვალები მინდა ეხილოს და გხედავდეს, მზეო.
ამ დაფლეთილ ცას მოერიდე, მზეო.
მე სხვა სიტყვები მომარიდე, მზეო –
მხოლოდ მისთვის მინდა ვილოცო.


5.
ვერ გხედავ, მაგრამ
გასავლელ გზას ზეპირად გეტყვი –
ცხრა მთა ერქვა და ახლა მხოლოდ
ერთი ბორცვია –
მას გატკეპნილი ბილიკებით,
სიმღერით, დროშის ფრიალით და
შეკავებული გულისცემით
გარს უვლიან.
მერამდენე წრეა, ითვლიან –

ვერ გხედავ, მაგრამ მაინც გეტყვი:
ნამდვილი გზა მწვერვალზე გადის.
შეხვედრამდე.


6.
მზეო, ვერ ვხედავ,
მაგრამ, მზეო, მე მას შევხვდები.

0 comments: